მედია ჩვენ შესახებ

wlis-bolomde-13-mln-is-investiciis-ganxorcielebas-

წლის ბოლომდე 13 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ.

საქსტატის მონაცემებით II კვარტალში საქართველოში 352 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია [FDI] განხორციელდა. ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში ჩაიდო [76.6 მლნ. აშშ დოლარი], რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ “თბილისი ენერჯი” II კვარტალში ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი იყო. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ბაჩა გურგენიძემ BMG-ის უთხრა, რომ ინვესტიციების ნაწილში სემეკთან შეთანხმებულ გეგმას მიჰყვებიან და წლის ბოლომდე 10 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტირებას გეგმავენ.

“გაზის ტარიფი კომპლექსური საკითხია და მისი ერთ-ერთი კომპონენტი რეგულირება-აქტივების ბაზაა. ანუ ის აქტივები, რომლებიც გაზის განაწილებისთვის არის აუცილებელი, მარტივად რომ ვთქვათ ეს შეიძლება იყოს მილები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. ამას სემეკი რეგულირება-აქტივების ბაზას უწოდებს. წლიდან წლამდე ამ აქტივებს რომ ვზრდით, ამას ინვესტიციები ჰქვია. ყველაზე დიდი თანხა, ბუნებრივია, იხარჯება ამორტიზებული გაზსადენების რეალიბილიტაციაზე, ეს ეხება როგორც მიწისქვეშა ისე მიწისზედა ინფრასტრუქტურას და სხვა. მსგავსი სამუშაოების ჩატარებას კომპანიას სემეკიც ავალდებულებს, რადგან საინვესტიციო ვალდებულებები გვაქვს, რაც ტარიფშია განსაზღვრული და დროდადრო ამის შესახებ სემეკს ანგარიშსაც ვაბარებთ. რაც შეეხება ინვესტიციების მასშტაბებს, ახალი მენეჯმენტი ამ კომპანიაში 2019 წლიდან არის და დღემდე 70 მლნ ლარამდე კაპიტალური ინვესტიციაა განხორციელებული.

2021 წელს კოვიდის გამო ჩავარდნა გვქონდა, თუმცა წლის ბოლომდე ვეცდებით 13 მლნ ლარამდე მოცულობის სამუშაო ჩავატაროთ, რაც მოიცავს მრიცხველების გამოცვლას, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და აუცილებელი აღჭურვილობების შეძენას. სემეკმა კომპანია დაავალდებულა სამწლიან სატარიფო პერიოდში დაახლოებით 60 მლნ ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, რისი უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებული გვაქვს და წლის ბოლომდე კიდევ გადაჭარბებას ვაპირებთ”, - აცხადებს ბაჩა გურგენიძე.

რეგულირება-აქტივების ბაზა საწარმოს საქმიანობაში გამოყენებული მატერიალური და არამატერიალური აქტივებია, რომლებიც მონაწილეობს ტარიფის გაანგარიშებაში.

კომისია საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს ტარიფის გაანგარიშების წელს და სატარიფო წელს დაგეგმილ ინვესტიციებს საინვესტიციო გეგმის შესაბამისად. საწარმოს საინვესტიციო გეგმა, აგრეთვე მასში განსახორციელებელი ცვლილებები ტარიფის დადგენამდე ან კორექტირებამდე, წინასწარ უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. საწარმო ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა, აგრეთვე ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი და სარგებელი. კომისია რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს მხოლოდ იმ დაგეგმილ ინვესტიციებს, რომლებსაც განხილვისა და შესწავლის შედეგად ჩათვლის მიზანშეწონილად.

რეგულირებადი აქტივების ბაზის ფორმირებაში მონაწილეობს როგორც საწარმოს არსებული (მოქმედი) აქტივები, ასევეკომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივები.

ცნობისთვის, “თბილისი ენერჯი” აზერბაიჯანულ გაზს ყიდულობს. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა წინა კვირას "ტვიტერზე" დაწერა, რომ მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტი 12%-ით 1.7 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. სემეკის ინფორმაციით, ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% იმპორტით კმაყოფილდება. ამასთან, 2021 წელს ქვეყანაში გაზზე მოთხოვნა 1%-ით გაზარდა და ჯამში 2.5 მლრდ კუბ/მ შეადგინა.