სხვა ამბები

rekomendaciebi-co-Ti-gamowveuli-ubeduri-shemTxveveb

რეკომენდაციები CO-თი გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

CO-თი გამოწვეული უბედური შემთხვევების, ინტოქსიკაციისა და ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების, რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო მცირდება. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, 2023 წელს CO-თი გარდაცვალების 1 და ინტოქსიკაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 29 და 127 იყო. 

უბედური შემთხვევების მინიმუმამდე დასაყვანად და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის რეკომენდაციებს “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე გვიზიარებს.

“ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ქსელიდან ღია წვის კამერიანი დანადგარების ამოღებაა. ვინც აპირებს, რომ გაზის გამათბობელი დააყენოს, ან ვინც უკვე მოიხმარს მას, არანაირად არ შეიძლება, ღია წვის კამერიანი დანადგარის მოხმარება არც წყლის გასაცხელებლად და არც გათბობის მიზნით. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, უბედური შემთხვევების 100%, CO-თი ინტოქსიკაცია, ხდება ღია წვის კამერიანი, არასწორად დამონტაჟებული დანადგარების შედეგად.

მეორე რეკომენდაციაა, რომ ყურადღებით იყვნენ გაზთან, ღია ცეცხლთან, ყოველთვის გადაკეტონ გაზი სახლიდან გასვლის წინ, რომ არ მოხდეს გაზის დაგროვება. უბედური შემთხვევები ორ ნაწილად იყოფა, CO-თი მოწამვლა, როდესაც ღია წვის კამერიანი გამათბობლები აყენია და მეორე, როდესაც კამფურა რჩება მოშვებული და დახურულ სივრცეში, ნაპერწკლის პროვოცირებით, აფეთქება ხდება. სოციალური პასუხისმგებლობა და ყურადღებაა მნიშვნელოვანი. როდესაც გაზს უყურადღებოდ დატოვებ მოშვებულს, შენს თავსაც აგდებ საფრთხეში და მთელს სამეზობლოსა და კორპუსსაც, ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავხდებით”, - აცხადებს გიორგი ლეფსვერიძე.

მისი განმარტებით, უბედური შემთხვევების 99% ზამთარში ხდება.

“99% უბედური შემთხვევების, ხდება ზამთარში - როდესაც ირთვება გამათბობლები, იკეტება ფანჯრები, აღარ ნიავდება სახლები. ზაფხულის თვეებში შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი. წელს ერთი შემთხვევაც არ ყოფილა ზაფხულში, არც მოწამვლის და არც გარდაცვალების, გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა აპრილში იყო”, - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.

ცნობისთვის, “თბილისი ენერჯის” ახალი კამპანიის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლების გამოძახება, გაზის დანადგარების ინსპექტირებისთვის, უფასოდაა შესაძლებელი.