სხვა ამბები

Tbilisi-enerji-top-investorebshia---2022-wels-kompa

"თბილისი ენერჯი" TOP-ინვესტორებშია - 2022 წელს კომპანიამ ₾23 მილიონის რეინვესტიცია გააკეთა

2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 60%-ით 2 მილიარდი დოლარამდე გაიზარდა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ გასული წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით რეკორდული იყო.

საქსტატიდან მიღებული ინფორმაციით, ინვესტიციების კუთხით "თბილისი ენერჯი” ერთ-ერთი ლიდერი კომპანია იყო. ენერგეტიკულ კომპანიებს აქვთ ვალდებულება საკუთარი საინვესტიციო გეგმა მარეგულირებელ კომისიას შეუთანხმონ. მოქმედი წესით კომპანია სემეკს ხუთწლიან გეგმას უთანხმებს. “თბილისი ენერჯის” საინვესტიციო გეგმა სემეკმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, რაც 2023-2027 წლებში 174 მლნ ლარზე მეტის დახარჯვას ითვალისწინებს.

საწარმოს საინვესტიციო გეგმა, აგრეთვე მასში განსახორციელებელი ცვლილებები ტარიფის დადგენამდე ან კორექტირებამდე, წინასწარ უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. საწარმო ვალდებულია დაასაბუთოს განსახორციელებელი ინვესტიციების აუცილებლობა, აგრეთვე ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი და სარგებელი. ამის შემდეგ კომისია რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს მხოლოდ იმ დაგეგმილ ინვესტიციებს, რომლებსაც განხილვისა და შესწავლის შედეგად ჩათვლის მიზანშეწონილად.

კომპანიის ფინანსური დირექტორი ბაჩა გურგენიძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ გასულ წელს “თბილისი ენერჯიმ” დაახლოებით 23 მლნ ლარის მოცულობის რეინვესტიცია განახორციელა, რაც ძირითადად თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდა.

“ინვესტიციების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი რომ ვართ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ზოგადად ენერგეტიკა კაპიტალტევადი სექტორია. ასევე ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, რაც ქვეყანაში მოქმედებს, ინვესტორს ინვესტიციების განხორციელებისკენ უბიძგებს. ჩვენი ინვესტიციის ძირითადი ნაწილი ქსელის რეაბილიტაციას და კომპანიის შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. სამეთვალყურეო საბჭოსთან კონსულტაციისა და კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, გადავწყვიტეთ 2027 წლამდე დაახლოებით 35 მლნ ლარის [ყოველწლიურად] ინვესტიცია განვახორციელოთ. ინვესიტიციას მოცულობას ბუნებრივია წვლილი შეაქვს ტარიფის გამოთვლაში, რასაც სემეკი ადგენს. ქალაქის რთული რელიეფიდან და მოსახლეობის მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, მუდმივად ვაახლებთ ქსელის ინფრასტრუქტურას. 2023 წელს ვგეგმავთ ქსელის განახლებას წერეთლისა და უნივერსიტეტების ქუჩებზე. სამწუხაროდ, არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის დიდი ნაწილი რამდენიმე ათწლეულის წინ არის აშენებული. წლებთან ერთად კი ეს ქსელი ამორტიზდება, ამიტომ ინვესტიციას მოითხოვს, რასაც სემეკი მუდმივად აკონტროლებს”,-ამბობს გურგენიძე.