როცა მეზობელს თავად ვწამლავთ Co-თი-ინტერვიუ ედიშერ ხორავასთან

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში გაზის არასწორი მოხმარების  შედეგად  CO-თი მოწამვლის  და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთ შემთხვევაში არასწორმა გაზგაყვანილობამ აფეთქება გამოიწვია, რაც სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა –  ერთი ადამიანი დაიღუპა.

როცა გაზის უსაფრთხო მოხმარების წესებს ვარღვევთ,    საფრთხეს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც ვუქმნით.

ბოლო დროს მომრავლდა სადარბაზოებში დამონტაჟბული, წყლის გამაცხელებლების და გაზის გამათბობლების მილები.  სწორედ ამ  საშიშ თემაზე გვინდა ვისაუბროთ  „თბილისი ენერჯის“  ერთ-ერთ დირექტორთან   ედიშერ ხორავასთან.

           

-რამდენად სახიფათოა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის?

-ეს არის გაზის უსაფრთხო მოხმარების წესების სერიოზული დარღევა. სადარბაზოებში დამონტაჟებული საკვამლე მილებიდან გამოიყოფა ნამწვი.  ცხადია ნებისმიერი მსგავსი ტიპის  მონტაჟი არის უკანონო, რაც საფრთხეს უქმნის მეზობლებს. ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება ინტოქსიკაციის რისკები და დიდია შანსი რომ სავალალო შედეგები მივიღოთ. მეზობლებმა უნდა დარეკონ თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე და შეგვატყობინონ მსგავსი ფაქტის შესახებ.

 

დაუჯერებელია მაგრამ შემოწმების დროს შეგვხვედრია ასევე მილის გარეშე საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი. მსგავსი შემთხვევეიც გვინახავს.

შემიძლია ერთი შემთხვევა გავიხსენო, რომელიც ფონიჭალაში დაფიქსირდა დაახლოებით 2 წლის წინ. გამოგვიძახეს მისამართზე, სადაც სავარაუდოდ იყო CO თი ინტოქსიკაცია. ადგილზე მისულ ჩვენს ჯგუფებს დახვდათ სამზარეულოში დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი, რომელიც იყო გამწოვი მილის გარეშე ანუ ნამწვი აირები პირდაპირ ოთახში იფრქვეოდა. მას შემდეგ რაც მომხმარებელი გამოვკითხეთ გაირკვა, რომ მაცხოვრებლებმა მილი შეგნებულად მოხსენეს, რომ ნამწვი აირები გამოეყენებინათ ოთახის გასათბობად.

 

როგორ ხდება აბონენტებთან ურთიერთობა პანდემიის პერიოდში. რა შეცვალა კორონა ვირუსმა მუშაობის სპეციფიკაში?

პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ გაითვალისწინა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და მიიღო ყველა საჭიერო ზომა, რათა დაცული ყოფილიყო როგორც მომხმარებლების, ასევე თანაშრომლების უსაფრთხოება. ამ მიზნით მაქსიმალურად შეიზღუდა კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტები აბონენტებთან და ამას ადგილი აქვს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. ის თანამშრომლები, რომლებსაც გადაუდებელ შემთხვევბში უწევთ ვიზიტის განხორციელება მომხმარებლებთან აღჭურვილები არიან შესაბამისი დამცავი ეკიპირებით. ამასთან კომპანიამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებლებს შესთავაზა დისტანციური მომსახურება, რისი საშუალებითაც მოქალაქეების სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ მიიღონ კომპანიაში არსებული თითქმის ყველა სერვისი. გარდა ამისა, ჩამოყალიბდა მაღალი დაცულობის ეკიპირებით აღჭურვილი სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ემსახურებიან ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში ან წარმოადგენენ ინფიცირებულ პაციენტებს.

 

პანდემიის პერიოდში კომპანიამ  თანამედროვე სისტემები დანერგა, ასევე ჭკვიანი მრიცხველების პროექტზე მოგვიყევით რასაც მეორე წელია კომპანია ახორციელებს.

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ თბილისი ენერჯი ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პროცესების გამჭვირვალედ და ეფექტურად მართვაზე. დღეის მდგომარეობით მრიცხველებიდან ანათვლის პროცესი ხორციელდება სპეციალური პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით, საიდანაც ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდება ბილინგის მონაცემთა ბაზას, ხოლო შემდეგ ავტომატურად ხდება მომხმარებლების ინფორმირება.  აღნიშნული სისტემა საკმაოდ ეფექტურად ფუნქციონირებს და კომპანია აგრძელებს მუშაობას მისი უფრო მეტად დახვეწის, განვითარების მიმართულებით. ასევე, ჩვენ 2 წელია დავიწყეთ მუშაობა ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველების  დანერგვის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით დედაქალაქის რამოდენიმე საცხოვრებელ კორპუსში უკვე დამონტაჟებულია ამ ტიპის მრიცხველები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემების, მათ შორის მრიცხველის ჩვენებების დისტანციურად მიღება და მისი ავტომატური დამუშავება.  უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს თანამედროვე სისტემა ქმნის კომფორტული და ეფექტურია როგორც მომხმარებლებისთვის ასევე კომპანიისთვის. შესაბამისად ამ კუთხით ვაპირებთ აქტიური მუშაობის გაგრძელება.